ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024

რა ტაქტიკას ირჩევს ხელისუფლება და ოპოზიცია - მოვლენების განვითარების სცენარები

ექნება თუ არა მიმდინარე მოვლენებს ზეგავლენა ელექტორატის განწყობების ცვლილებაზე საარჩევნოდ

უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს დამატებით 7 “პატრიოტს” - “თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა”

* * *

რა ტაქტიკას ირჩევს ხელისუფლება და ოპოზიცია - მოვლენების განვითარების სცენარები

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან კვლავ დაანონსდა, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც გააჩეროს, თუმცა ხელისუფლების განცხადებებიდან ჩანს, რომ უკანდახევას არ აპირებს. უკან არც პროტესტანტები იხევენ და როგორც ცნობილია, აქციას უკვე რეგიონებიდანაც უერთდებიან. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით აქცია არ გაჩედება მიუხედავად იმისა, კანონს მიიღებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა. მათი განცხადებით, “ოცნებაც” არ აპირებს კანონპროექტის გაწვევას. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტში, სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გაგრძელდა. პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ტაქტიკას ირჩევს ხელისუფლება და ოპოზიცია - მოვლენების განვითარების სცენარები.

“შეგიძლიათ თუ არა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ”, - ასე მიმართა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას. ბოკუჩავას თქმით, ახლა ეს არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება. ამის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ აღნიშნული განცხადება არანაირ კავშირში არ არის იმ მუხლთან, რომელიც სხდომაზე განიხილება და შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას საერთოდ არ მისცემს. პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, რამდენიმე დეპუტატი მათ შორის “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა. პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის მხრიდან მოწოდების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კი პაპუაშვილმა მანდატურს მისი გაყვანა სთხოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, აქციები არ გაჩერდება მიუხედავად იმისა, კანონს მიიღებს უმრავლესობა თუ არა. მისი თქმით, ახლა ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ შეაჩეროს განხილვა. “დიდი ალბათობაა, რომ აქციები არ გაჩერდება. მიუხედავად იმისა, კანონს მიიღებენ თუ არა, პროტესტი ალბათ გაგრძელდება. ახლა ხელისუფლებისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ მეორე მოსმენტით გახილვა დაასრულოს და კენჭისყრა გადაიტანოს შემდეგისთვის, კანონპროექტის მიღება შეაჩეროს, თაროზე შემოდოს. ამით ეს დაპირისპირება დაამთავროს, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება შიქმნას. სამწუხაროა რაც მოხდა, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა და ცდილობს, რომ მომიტინგეების პროვოცირება მოახდინოს”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, ამ მიზანს ჯერჯერობით აღწევს, რაც ოპოზიციისთვის გაცილებიოთ დამაზიანებელია, ვიდრე თავად ხელისუფლებისთვის და ამ ეტაპზე მაინც, რაღაც დრო ყველაფერს სჭირდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“პოლიციას კი არ უნდა დაუპირისპირდე, არამედ უნდა ეცადო, რომ შენს მხარეს გადმოიყვანო. აქციის მსვლელობით ისეთი ვითარება შექმნა, რომ პოლიციელმა თავად იგრძნოს, რომ უსამართლობას სჩადის და როცა შენ უპირისპირდები და რაღაცას ესვრი, ის პასუხობს და ამით ფიქრობს, რომ საკუთარ თავთან მართალია. ამიტომ ჩემი აზრით, ცოტა სხვაგვარად უნდა წარიმართოს ეს საქციელი. ცხადია ამ კანონის მიღება-არმიღება მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია არჩევნებზე რა იქნება. ჩვენ თუ გვინდა, რომ როგორღაც ერთპარტიულობა დავასრულოთ, ეს არჩევნების გზით უნდა დასრულდეს. მიუხედავად იმისა რევოლუციები ვარგა თუ არა და მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ არა, ეს ქვეყნისთვის მაინც წამგებიანი იქნება, რადგან ქუჩიდან მოსული ხელისუფლება ყოველთვის რადიკალურია და გარანტია არაა იმის, რომ ქუჩიდან მოსვლის შემთხვევაში, იგივე არ განმეორდება”, - მიიჩნევს ძაბირაძე.

“არჩევნებით ცვლილებით მოსული ხელისუფლება გაცილებით ზომიერია, ვიდრე ქუჩიდან მოსული. როგორი მშვიდობიანიც არ უნდა იყოს რევოლუცია, მაინც წამგებიანია და ეს ჩვენმა წარსულმა გვიჩვენა. ამიტომაც ყველაფერი მაინც კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები ზოგიერთი თავისი არსით დრაკონულია, რასაც ხელისუფლება სათავისოდ იყენებს. უნდა გაგრძელდეს მშვიდი, მაგრამ პრინციპული პროტესტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ოცნება” უკან არ დაიხევს, რადგან ეს პრინციპის საკითხია, რასაც მმართველი პარტიისგან ითხოვს მათივე ამომრჩეველი”, - დასძენს გამოცემა.

“გუშინდელ მოვლენებს უწყვეტ ონლაინ რეჟიმში თვალს ვადევნებდი და სხვადასხვა ტელეარხებიდან მკაფიოდ ჩანდა, რომ ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ძალიან აგრესიულად დაუპირისპირდა ექსტრემისტთა ერთი მცირე ჯგუფი, როდესაც მათ სამართალდამცველებს ორკესტრირებულად დაუშინეს ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები. რა საკვირველია, ამგვარი უკანონობა აღიკვეთა დაიკვეთება დემოკრატიულ საქართველოში თუ სხვა დასავლურ წამყვან ქვეყნებში. ქართული პოლიცია კანონიერ პრევენციას ახორციელებს და არა სადამსჯელო ღონისძიებებს, როგორც ამას სააკაშვილის ზონდერები აკეთებდნენ. “გლობალური ომის პარტიის” ყველანაირი რესურსით წაქეზებული რევანშიტები, რა თქმა უნდა, ტემპერატურის აწევას, პროვოკაციებს, პოლიციელებისა და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მრავალრიცხოვან მომხრეთა გამოწვევას შეეცდეებიან, მაგრამ ამას საზოგადოების უმრავლესობაში შევხვდებით მოთმინებით და კანონს აღასრულებენ სამართალდამცველები, ისე, როგორც ეს გაწერილია”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს შემთხვევით არ ახსენა, რომ ამ კანონპროექტის დაინიცირებით ეს რადიკალური ქმედებები შემოდგომიდან გაზაფხულზე იქნა გადმოტანილი. ამით ერთი მხრივ დაიცლებიან რადიკალები და მათი სპონსორები, მეორე მხრივ ამ ნამდვილად მისაღები გამჭვირვალეობის შესახებ კანონით, გამოაშკარავდებიან ის დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც დემოკრატიაზე კი არა, არამედ ქვეყნის აყირავებაზე, საკუთარი პრივილეგიების და საქართველოს ვასალობის დაბრუნებაზე ზრუნავენ. ხელისუფლება უკან არ დაიხევს, ეს პრინციპის საკითხია. ამ პრინციპულობას მათგან ის უდიდესი უმრავლესობა ითხოვს, რომელიც მისი ელექტორატია. შარშან იმედგაცრუებული და გაწბილებულები იყვნენ “ქართული ოცნების” მომხრეები და არა მხოლოდ მისი მომხრეები, ესენი ძირითადად ნაცკონგლომერატის მოწინააღმდეგე ჯანსაღი უდიდესი უმრავლესობაა. წელს, უცხოეთიდან შეშფოთება-აღშფოთების ნიაღვარის მიუხედავად, ეს არ მოხდება, ეს პრინციპის საკითხია. საქართველოს დემოკრატია, სუვერენიტეტი და თავისუფალი განვითარება დაცული უნდა იყოს, არანაირი რუსული კანონით, არამედ ქართული დემოკრატიული კანონით”, - თვლის გია აბაშიძე.

ექნება თუ არა მიმდინარე მოვლენებს ზეგავლენა ელექტორატის განწყობების ცვლილებაზე საარჩევნოდ

“მეორე კვირაა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება, ხუთ თვეში კი საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენებს არჩევნებზე გავლენა აუცილებლად ექნება - ეს ჯერ ელექტორატის განწყობებზე აისახება, რასაც საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებს, თუმცა, იმასაც დასძენენ, რომ გააჩნია პროცესები როგორი სცენარებით განვითარდება. “მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა - მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა. კალაძის თქმით, მცდელობაა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექნება თუ არა მიმდინარე მოვლენებს ზეგავლენა ელექტორატის განწყობების ცვლილებაზე საარჩევნოდ.

“შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და არ მოგვწონდეს ხელისუფლება, მაგრამ მოდის არჩევნები, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა. მაგრამ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. ისიც იცით თქვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და პატრონებმა, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა”, - განაცხადა კალაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ორბელიანების სასახლეში გამართულ სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები არჩევნებში ოპოზიციის და მთლიანად საქართველოს სასარგებლოდ ასახება”, - დასძენს გამოცემა.

“უცნობია როგორი იქნება ამ მოვლენების გაგრძელება. მაგალითად, პარლამენტში კანონის განხილვისას დასაწყისში ჩხუბი იყო, მერე ძალიან კონსტრუქციულად მიდიოდა საუბარი. შესაძლოა ასეთი გაგრძელება ნახოს ამ მოვლენებმა - შესაძლოა ადგნენ და ჩათვალონ, რომ ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას აზრი არ აქვს და უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, ასეთი დაპირისპირების დროსაც ოპოზიციას არცერთხელ არ უთქვამს, რომ ჩამოვაგდოთ ხელისუფლებაო, ყოველთვის ამბობს, რომ ეს ხალისუფლება არჩევნების გზით უნდა გავუშვათო, მაგ დამოკიდებულებას რა სჯობს?! ადამიანებმა ვინც უნდა გაუშვან და მოიყვანონ ისე,როგორც ეს ნორმალურ საზოგადოებებშია, ოღონდ დესტაბილიზაცია არ იყოს, ეს აზრი მემგონი ოპოზიციაშიც მომწიფებულია. თუკი მოვლენების განვითარება ამ მიმართულებით წავიდა, მაშინ შედეგი ის იქნება, რომ არჩევნებში შევალთ. ამასთან, თუკი ოპოზიციამ მოსახლეობას აჩვენა, რომ მას კონსტრუქციული მუშაობა შეუძლია, მისი შანსი უფრო მეტი იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“და თუკი პროცესები რადიკალური გზით წავიდა, აქ ორი ვარიანტია, ერთი რადიკალური ვარიანტი ხელისუფლების შეცვლას ახლავე ითხოვს, რასაც მოჰყვება უკვე ხელისუფლების მხრიდან რადიკალური ნაბიჯები, ანუ ძალის გამოყენება. მეორე ვარიანტი ისაა, რომ თუკი არჩევნებამდე სიტუაცია ასეთი ჯანჯღარით გაგრძელდა და რევოლუცია არ მოაწყეს, დესტაბილიზაციის ავტორებს არჩევნებში ხმის მიღების შანსი ნაკლები ექნება, უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ავტორი ოპოზიციაა ხოლმე. ოპოზიციას გარდა კონსტრუქციულობისა, აგრესიულობის პრობლემაც აქვს, ასეთი აგრესიულობის ფონზე, ძალიან გაუჭირდება ხმების მოპოვება”, - დაასკვნის საყვარელიძე.

“მიმდინარე მოვლენები მერე უკვე რჩევნებში უფრო ოპოზიციის და საერთო ჯამში საქართველოს სასარგებლოდ აისახება, რადგან, მგონია, რომ “ოცნების” პროდასავლელი ამომრჩეველი დაფიქრდება მისცეს თუ არა ხმა ისევ მათ და შესაძლოა მათი სახით სადღაც 5-6% დაკარგოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ენმ-ს მისცემენ ხმას, შესაძლოა არჩევნებზე საერთოდაც არ წავიდეს. ელექტორატის გაწყობები 2020 წლისგან განსხვავებით შეიცვლება, თუმცა შესაძლოა რადიკალურად არა, რადგან “ოცნების” მახრადმჭერების უმრავლესობა ისეთია კატეგორიაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვას საქართველო რუსეთს უერთდება და გუბერნია ხდებაო, იტყვიან, რომ არა უშავს, მთავარია მიშა არააო. ამ მოვლენების გათვალისწინებით, წესით ოპოზიციამ ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს, თუმცა მთავრობის ჩამოყალიბებას ეგრევე ვერ შეძლებს, თან 5%-იანი ბარიერია და ამ პირობებში მაშინ გარკვეულმა პროდასავლურმა პარტიებმა გაერთიანება უნდა შეძლონ, რომ ხმები არ დაიკარგოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს დამატებით 7 “პატრიოტს” - “თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა”

“უკრაინის თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთი საჰაერო თავდასხმებს არ წყვეტს. ოკუპანტები ინტენსიურად ბობმავენ ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელნესკი პარტნიორებისგან სასწრაფოდ საჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიწოდებას ითხოვს. “სასწრაფოდ გვჭირდება “პატრიოტის” სისტემები და რაკეტები”, - ამბობს პრეზიდენტი. მისი თქმით, რუსეთმა ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივა ხელში აიღეს, რადგან უკვე 6 თვეა ისინი ამერიკისგან დახმარებას ელოდნენ. გაეროს ექსპერტებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიში გაუგზავნეს, რომელიც ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ დადასტურდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში რაკეტების გაგზავნა, ეს იქნება 2006 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ბირთვული პროგრამის შემუშავებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს დამატებით 7 “პატრიოტს” - “თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა”.

“აშშ-ის ხელისუფლებამ პირველმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ხარკოვზე თავდასხმების დროს. თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღი გამოიყენეს. დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გამოყენებით თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე და ასზე მეტი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა და განაცხადა, რომ გადაუდებელ საჭიროებას დღეს უკრაინელი მებრძოლებისთვის “პატრიოტის” სისტემები წარმოადგენს. “მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არამხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, უკრაინის მიზნების მიღწევა”, - თქვა ზელენსკიმ, რომლის თქმით, “პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს 9 ათასზე მეტი მართვადი ავიაბომბი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ ჩამოვაგდოთ მათი საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ვერ მიუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია. ისევე, როგორც შესაძლებელია უკრაინის ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება “პატრიოტის” სისტემები და რაკეტები. უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, 7 ასეთი სისტემა. თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას “პატრიოტის” საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამად რუსებს აქვთ ტაქტიკური ინიციატივა. გენერალი ამბობს, რომ ისინი შეტევაზე არიან გადასული, მაგრამ, მათი წინსვლა ძალიან ნელია”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ახლა უკრაინას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება, რადგან საბრძოლო მასალების დიდი დეფიციტი აქვს როგორც წინა ხაზზე, ასევე აკლია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ეს კი ძალიან კარგად ჩანს, რადგან ბოლო დროს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს და საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს. მიუხედავად ამისა, რუსებს უკრაინის სიღრმეში ტაქტიკური წინსვლა არ ექნებათ. სამწუხაროდ, საბრძოლო მასალის ნაკლებობა უკრაინაში დიდ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. საფიქრალია ასევე ისიც, რომ რუსეთის სტრატეგიას ცვლის, რომელიც მიმართულია არა საბრძოლო შესაძლებლობის, არამედ მოსახლეობის ნების გამოფიტვისკენ. ამიტომ არის გახშირებული სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები. მათ კარგად იციან, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები საკმარისი არა აქვთ და სადაც სუსტი წეტილი აქვთ იქ ურტყამენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტნაგ კაპანაძე.

“პუტინმა ე.წ. სანიტარიული ზონის შექმნა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება სრულიად განადგურებული ბუფერი იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, და იმ ზოლში, რომელიც მიჰყვება ფრონტის ხაზს. რუსები რა თქმა უნდა, არ აღიარებენ, რომ სამოქალაქო ობიექტებს ურტყამენ. ისინი ამბობენ, რომ საჰაერო დარტყმებს აყენებენ უშუალოდ უკრაინის სამხედრო დემილიტარიზაციისა და პოტენციალის განადგურებისთვის. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამით ფუთავენ იმას, რომ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე ახორციელებენ. ამით მოსახლეობის გატეხვა უნდათ. სამწუხაროდ მოსახლეობაში ომისგან გადაღლა უკვე იგრძნობა, მაგრამ ის, რომ ხალხმა ხელისუფლებას მოსთხოვოს მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან, დათანხმდნენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, აქამდე ჯერ სიტუაცია არ არის მისული. პუტინმა იცის, რომ დრო მასზე მუშაობს, ამიტომ ხალხის გატეხვით ცინიკურად ცდილობს ამ ომის ბედის შემოტრიალებას”, - განმარტავს კაპანაძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს