ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024

დავით ზურაბიშვილი - “ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა”

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ უნდა მიეცეს”

თორნიკე შარაშენიძე - “პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება”

* * *

დავით ზურაბიშვილი - “ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა”

“მთავრობის ქმედებები არ არის ადეკვატური, არ იცის, რა ქნას. ძალიან სურს ეს პროტესტი, ასე ვთქვათ, როგორმე გაიწოვოს. თავიდან, 30 აპრილს, სცადეს ახალგაზრდები გაეყარათ რუსთაველიდან, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდების საპროტესტო განწყობა ძალიან სერიოზულია. მგონი, ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვითონვე სჯერა თავისი პროპაგანდის. ის, რომ ახალგაზრდები რომელიღაც ჯგუფის დატრენინგებული არიან, მართლა სჯერათ, ყოველ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად, და დანარჩენებიც ისე მოქმედებენ, თითქოს ეს სიმართლე იყოს. პრაქტიკულად, მთელ თაობას უპირისპირდებიან და როგორ შეიძლება გაიმარჯვონ?” - აცხადებს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა”.

“პროტესტი უნდა გაგრძელდეს, სანამ კანონი არ მიღებულა, და სანამ არის შანსი, რომ არ მიიღონ. უნდა გაგრძელდეს, ზუსტად ასეთი, როგორიც ახლაა - დეცენტრალიზებული. სანამ ეს კანონი არ არის მიღებული, შეიძლება ასეთ აქციას უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე მინუსი, როცა ერთი თავი არა აქვს. თუ ეს კანონი მიიღეს, მერე პირიქით იქნება, იმ სტადიას მივუახლოვდებით, როცა საჭირო გახდება ორგანიზაციულ ფორმებზე ფიქრი. თუმცა ყველაფერს მივყავართ იქით, რომ ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და წავიდეს. სცენარის განვითარების ორი ვერსიაა: ერთი, არჩევნებამდე ხელისუფლების გადატეხა ხერხემალში, მაგალითად, როგორც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა იმდენად დემორალიზებული იყო კომუნისტური რეჟიმი, რომ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა ეროვნულ მოძრაობას. სანამ ზვიად გამსახურდია არჩევნებში გაიმარჯვებდა, ფაქტობრივად, ის მანამდე იყო მმართველი, მანამდე ჰქონდა მოგებული, მერე ოფიციალურად, არჩევნებით გაფორმდა. მეორე ვარიანტია, როცა არჩევნებამდე ვერ გატეხ ხელისუფლებას, მაგრამ მოუგებ არჩევნებს. მაგრამ მერე აქაც მოდის ორი ვარიანტი: ხელისუფლება იძულებული ხდება სხვადასხვა გარემოების გამო აღიაროს შედეგები და წავიდეს, და მეორე ვარიანტი - მიდის აშკარა გაყალბებაზე, იღებს რევოლუციურ პროტესტს და საბოლოოდ მაინც მიდის”, - დავით ზურაბიშვილი.

“მე უფრო რეალისტური მგონია, თუ კანონი გაიწვიეს, ეს იქნება ხელისუფლების სასტიკი დემორალიზაცია და მას წაგებული აქვს არჩევნები. ამ შემთხვევაში წინასწარ დამარცხდება ხელისუფლება და ელექტორატი ფორმალობა იქნება. ეს ხელისუფლება, ძირითადად, იმაზე დგას, რომ უამრავ ადამიანს მიაჩნია ის ძალაუფლებისა და ფულის წყაროდ. თუ ვიქნები ამათთან, ცხოვრებაში ხეირს ვნახავო, ამას ფიქრობს გაჭირვებული კაცი, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ დათმო და კანონი უკან წაიღო, გამოდის, სუსტია, ეს კი ასეთი ტიპის ხელისუფლებისთვის, რომელიც აღარ დგას ხალხის ნდობაზე, დამანგრეველია, მხოლოდ იმიჯი აქვს, რომ ძლიერია. ამიტომ აუცილებლად წააგებს. მე რომ მკითხოთ, ყველა ვარიანტში წაგებული აქვს, მაგრამ კანონის უკან წაღებით არჩევნებამდე წინასწარ ექნება წაგებული. ამიტომ შეეცდებიან გადააგორონ ეს ტალღა და მიიღონ კანონი. ამის მერე მათი იმედი რა იქნება? ლოცვას გააძლიერებენ, რომ ახალგაზრდები დაიშალონ და ხელისუფლება დარჩეს კვლავ ოპოზიციასთან ერთი-ერთზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც ფინალი ერთი იქნება - წააგებენ. როგორც ამბობენ, “ზღაპრის ბოლო კეთილია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ეს არის ერთი ადამიანის სრულიად არაჯანსაღი, რეალობას აცდენილი წარმოდგენები და მისი გარემოცვა მზად არის მის არაჯანსაღ ხედვებს გადააყოლოს მთელი ქვეყანა, დაანგრიოს წლობით ნაშენები დასავლეთთან, ევროპასთან დამყარებული კავშირები. იმ დროს, როდესაც ჩვენთვის ევროკავშირის კარი ღიაა და პრინციპში ძალიან მცირე მონდომებაა საჭირო, რომ იმ კარში შევიდეთ, ამ დროს ხელისუფლებას რუსეთისკენ მივყავართ. არ ვიცი, ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს. ოპოზიციური პარტიები რაღაც სიმაღლეზე რომ იდგნენ, ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებამდე პერიოდი. ამ კანონის გამო საპროტესტო გამოსვლების მუხტის შენარჩუნებაა საჭირო. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ იმოქმედოს. ეს ახალგაზრდები ივლიან, ივლიან, მაგრამ როდემდე? ოპოზიციის პრობლემაა, რომ არ არის ერთგვაროვანი. მას ასე გავყოფდი: ერთი “ნაცმოძრაობა” და მისგან გამომავალი პოლიტიკური ძალები, ვთქვათ, როგორიც არიან “ახლები” “სტრატეგია აღმაშენებელი”. ამ უკანასკნელს უფრო ნაკლები პრობლემა აქვს, სტაბილურად არის და 5%-იან ბარიერსაც გადალახავს არჩევნებში”, -მიიჩნევს პოლიტიკოსი.

“ძალიან სერიოზული პრობლემაა ის ფლანგი, რომელიც არ არის “ნაცმოძრაობიდან” გამოსული. ესენი არიან გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, “ლელო” და “გირჩი”. ვერ ხერხდება ძლიერი გაერთიანების ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, უპირველესად ეს არის გასაკეთებელი, რათა ხელისუფლების დამარცხებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. არც ერთი პარტიის რეიტინგი არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ნაცფლანგი იქნება თუ არანაცფლანგი, ერთმანეთში რა ანგარიშიც უნდა ჰქონდეთ, უნდა გააცნობიერონ, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა, აბსოლუტური კატასტროფაა. ეს ხელისუფლება თუ კიდევ დარჩა და წლის ბოლომდე არ შეიცვალა, ალბათ, პოლიტიკური ორღობე ვიქნებით ან შესაძლოა ყოველივე ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები დაიწყოს. ივანიშვილი იმდენად ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და იმდენად არაადეკვატურია მისი წარმოდგენები, იმდენად უპასუხისმგებლო და შუბლის ძარღვგაწყვეტილი გუნდი ჰყავს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.

“ხალხში სრულიად სხვა განწყობაა. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ახლანდელი აქცია 29 აპრილის ხელისუფლების აქციას. ყოველდღე თავისი სურვილით ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოდის ქუჩაში - ახალგაზრდებიც, შუახნის ხალხიც და მოხუცებიც, 29 აპრილის კი მთავრობამ ძალითაც კი ვერ მიიყვანა ამდენი. მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს ხალხი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი იქნა მობილიზებული, მაგრამ მაინც ვერ შეკრიბეს, თანაც იქ მყოფთა 80%-ს არც აინტერესებდა, იქ რას ლაპარაკობდნენ. ტაშის დამკვრელები და პარტაქტივი ანუ ის ხალხი, ვინც ყვიროდა, წინა ფლანგზე ჰყავდათ განლაგებული. როგორც კი მორჩა გამოსვლები, 5 წუთში დაცარიელდა იქაურობა. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება ხალხში არ არის პოპულარული, მაგრამ ამას საარჩევნო ხმებში კონვერტაცია სჭირდება, ოპოზიციის სანდოობაში გადაცვლა და ეს არ არის მარტივი ამოცანა. ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, საკოორდინაციო საბჭოსმაგვარის შექმნაა. ყველაზე სასურველი ეს პრეზიდენტთან იქნებოდა”, - თვლის რესპონდენტი.

“შესაძლოა ცალ-ცალკე “ლელოსაც” და გახარიას პარტიასაც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როგორ უყურებს ივანიშვილი ამ ორ პარტიას, არა ვარ დარწმუნებული, რომ არ გაუყალბებს შედეგებს, რადგან როცა 5%-ის მიდამოებში ხარ, 6%-ის აღება არ კმარა, რომ 5% დაიწერო. მეტი უნდა აიღო - 10-12% მაინც, ესენი კი ამხელა პროცენტის ამღებები არ არიან, თუ ცალ-ცალკე იქნებიან. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს. ჩვენ საქმე გვაქვს არაადეკვატურ ლიდერთან, რომელსაც მისი უპასუხისმგებლო გუნდი მიჰყვება. არავინ იცის, რა იქნება თუნდაც კანონის მიღების შემდეგ, რა სანქციები წამოვა ევროპიდან, მივალთ კი არჩევნებამდე? თუ მივედით, მივიდეთ, მანამდე არ არის სასურველი დიდი მღელვარება. არჩევნებში დამარცხების შემთხვევაშიც არა ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება აღიარებს მარცხს. ისინი არც განიხილავენ დამარცხებას და ხელისუფლებიდან წასვლის თეორიულ შესაძლებლობასაც კი. ამიტომ, თუ დამარცხდნენ, როგორ მოიქცევიან, თვითონაც არ იციან”, - ამტკიცებს პოლიტიკოსი.

“ამიტომ ჯერ აუცილებელია რაღაც კონფიგურაციის ჩამოყალიბება, ისე, რომ საპროტესტო მუხტი არ განელდეს. შესაძლოა ერთი დიდი გაერთიანება სულაც არ იყოს კარგი. როგორც პრეზიდენტმა თქვა, შეიძლება იყოს რაღაც ტექნიკურ ხელისუფლებასავით, თუმცა როგორ მოხერხდება, არ ვიცი. სტრატეგიაც და ტაქტიკაც ისეთი უნდა დასახონ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ ანტისახელისუფლებო განწყობის მაქსიმალური კონვერტაცია საარჩევნო ხმებში. საზოგადოებას რა რეაქცია ექნება, ამისთვის არსებობს სოციოლოგიური კვლევები. მუშაობაა საჭირო, უნდა გაარკვიონ, რას და როგორ გააკეთებენ და მერე იმოქმედონ. კიდევ ერთი - ჩემი აზრით, პრეზიდენტმა რომ პოსტი დატოვოს და ჩაერთოს საარჩევნო მარათონში, არ იქნება სწორი. ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც, ასე თუ ისე, ევროპული კურსის ადეპტია. სალომე ავტორიტეტია, სანამ პრეზიდენტია. პრეზიდენტი რომ არ იყოს, რიგითი ოპოზიციონერი იქნება და ხელისუფლებასაც მიეცემა გაცილებით მეტი ბერკეტი. ამიტომ ჯობია იყოს პრეზიდენტი და დარჩეს არჩევნებისთვის”, -დასძენს დავით ზურაბიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ უნდა მიეცეს”

“ყოველდღიურად იზრდება რისკი, პროცესები უმართავი გახდეს და ხელისუფლებამ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ერთი მხრივ, კარგია, რომ აქციას პოლიტიკოსები არ მართავენ და ერთი ორგანიზატორი არა ჰყავს, თუმცა ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. მთავარი პრობლემა ის არის, შეუძლებელი ხდება იმის გაკონტროლება, თუ რომელი ჯგუფი რას გადაწყვეტს. ჩემი აზრით, ორგანიზატორების ერთმა ჯგუფმა სწორი გადაწყვეტილება­ მიიღო, როდესაც აქციების 11 მაისიდან გაგრძელება დააანონსა. შეცდომაა მეორე ჯგუფის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აქციების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელება გადაწყდა. ხელისუფლებამ ერთი კვირა უქმედ სწორედ იმიტომ გამოაცხადა, რომ მომიტინგეები დაღლილიყვნენ და საპროტესტო მუხტი მინავლებულიყო. “ოცნება” ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა, ერთკვირიანი ტაიმაუტის შემდეგ პირველივე საპარლამენტო სხდომის გამართვა დიდი და მძლავრი აქციის თანხლებით თუ მოუწევდა. აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ უნდა მიეცეს”.

“კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც აქციას ბევრი ორგანიზატორი ჰყავს, ხელისუფლებისათვის იოლია ისეთი პირის მოძებნა, რომლის დახმარებითაც “ციხეს შიგნიდან გატეხავს”. პაუზის აღება მნიშვნელოვანი იყო იმისთვისაც, რომ საზოგადოებას სრულად გაეაზრებინა, რა პროცესთან გვაქვს საქმე. რუსთაველზე გამოსულმა რამდენიმე ათასმა მოქალაქემ რომ იცის რისთვის იბრძვის, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი საზოგადოებაც სწორად არის გათვითცნობიერებული. დროა საჭირო, რათა თბილისს რეგიონებიც აჰყვნენ. როდესაც ამხელა საზოგადოებრივ თავყრილობას ერთი კონკრეტული პირი ან ჯგუფი არ მართავს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება უმართავი გახდეს. კარგია, როდესაც გმირთა მოედანს ერთი საათით გადაკეტავ, მაგრამ ხუთი საათით ცენტრალური გზის ბლოკირებამ შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს. ნებისმიერ ქმედებას მიზანი უნდა ჰქონდეს, პარლამენტის შენობის ფანჯრების მინების ჩამსხვრევა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. თუ ვინმე ემოციებს ვერ თოკავს, წავიდეს და სხვაგან დახარჯოს აგრესია. პარლამენტის შენობა “ქართული ოცნების” საკუთრება არ არის, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო და მიუღებელია ამ შენობის დაზიანების ცდაც კი. ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლებას აქციის დარბევის საბაბი არ მიეცეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თქვენი კოლეგების აზრით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსზე ოდიოზური და მიუღებელია. ვინ უნდა მართოს პროცესი?” - პასუხობს:

“ჩემს კოლეგებს ვეთანხმები, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი იმდენად ოდიოზურია, აქციის მონაწილეებს აღიზიანებს, თუმცა ამ ხალხს თავისი ელექტორატი ჰყავს. მთავარია, პროცესის პარტიულ მიტინგად გადაქცევა არავინ სცადოს. არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსები მიკროფონებთან დადგნენ, მათ შეუძლიათ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება მისცენ. სხვათა შორის, სწორი მესიჯები წამოვიდა პოლიტიკური ელიტიდან - ე.წ. რუსული კანონის გაწვევა საკმარისი მართლაც არ არის, ხელისუფლების შეცვლაა საჭირო. ვთქვათ, წაიღო უკან “ოცნებამ” ეს კანონპროექტი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხომ ისევ უკან შემოიტანს, მერე რას ვშვრებით?! ამიტომ საპროტესტო აქციების საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნებზე და არა არჩევნებამდე. ამისთვის პოლიტიკოსებმა უნდა შეამზადონ ახალგაზრდები, რადიკალიზმისთვის ადგილი არ უნდა დარჩეს”.

“ოპოზიციონერმა ლიდერებმა პროცესის მათთვის სასარგებლოდ გადაქაჩვაზე არ უნდა იფიქრონ. როგორც კი ამას შეეცდებიან, ხელისუფლება მაშინვე გამოიყენებს მათი დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, აქციების დაპაუზება ამ საარჩევნო მარათონის მოსამზადებლადაც კარგი იქნებოდა იმ პოლიციელებზე ზემოქმედებისთვის, რომლებთანაც შეიძლება აქციის მონაწილეებს ხვალ-ზეგ დაპირისპირებამ მოუწიოთ. აქციის ორგანიზატორებს 11 მაისამდე რომ აეღოთ პაუზა, ამ პოლიციელებს და სპეცრაზმელებსაც ხომ დაასვენებდნენ. შესაბამისად, ყველასთან თუ არა, დიდ ნაწილთან ნამდვილად მოხერხდებოდა საერთო ენის გამონახვა... მახსოვს, ეროვნული მოძრაობის წევრები მიტინგს ვატარებდით, მეგაფონი გამიფუჭდა და რომან გვენცაძემ - მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო - თავისი მათხოვა. ასეთი ფაქტები ხშირი იყო. 9 აპრილის შემდეგ როდიონოვი შს მინისტრ გორგოძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, იმიტომ, რომ პოლიცია მომიტინგეების მხარეს იდგა. ასეთი ამბები ახლაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა - თუ ხელისუფლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, ჩვენთანაც ყაზახეთის მოვლენები განმეორდეს...”

თორნიკე შარაშენიძე - “პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება”

“მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დააინიცირა, უფრო სწორად, ძველი ე.წ. აგენტების კანონი შემოაბრუნა, სულ ვფიქრობ და ლოგიკა ვერ დავინახე. ალბათ, ცოტა ხანში გამოჩნდება, რის გამო მიიყვანეს ქვეყანა აქამდე. მთავარია, სისხლი არ დაიღვაროს, ამის ძალიან მეშინია. ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად არის. ახლა ქუჩაში ახალგაზრდობა დგას და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ესენი უკან არ დაიხევენ. სიმართლე ვთქვათ, ეს კანონი მართლა არ არის რუსული, მაგრამ ამერიკა და ევროპა ერთხმად მოგვიწოდებენ არ მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავშორდებით დასავლეთს. ჯერ ერთი, ახალგაზრდებს დასავლეთი უნდათ, მეორე - შარშან შეჰპირდნენ, რომ ამ კანონს აღარ შემოიტანდნენ. ეს თაობა გადაგდებას არ ეგუება! მესამე - მდინარაძე ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტი არ არის. საზოგადოდ, ახალგაზრდებს არ მოსწონთ პოლიტიკოსები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი კანონის მიღება, ახალგაზრდებსაც პრინციპულად აქვთ გადაწყვეტილი, რომ არ გაჩერდნენ”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება”.

“ელემენტარული განათლებაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქვეყნის სუვერენულობა ევროკავშირისთვის ანგარიშის არგაწევას არ ნიშნავს. რუსეთთან მარტო დარჩენილი საქართველოს სუვერენიტეტი ძალიან მყიფეა. ჩვენ რომ ძლიერი თავდაცვისა და მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვიყოთ, დასავლელი პარტნიორების წინაშე “ოცნების” ბაქიბუქი გასაგები იქნებოდა, მაგრამ დღემდე სული სწორედ ევროპული და ამერიკული ფულით რომ გიდგას, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ამ ხალხს უცხოური გავლენის აგენტები ეძახო და მით უფრო, რევოლუციის მოწყობის ცდაში დაადანაშაულო. ხელისუფლების ქმედებაში ერთი ლოგიკა ნამდვილად არის - ორი წლის წინ საპროტესტო აქციებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იდგნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება საკუთარი პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ მიტინგებზე დგომა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა არასწორია. თუმცა მმართველ გუნდს ეს არ ამართლებს, მაშინ როდესაც ევროინტეგრაციის შანსი გაქვს, პარტნიორებთან ასეთი ტონით საუბარი არაგონივრულია. ხელისუფლების მოქმედებას ახსნა არ მოეძებნება, გარდა იმისა, რომ “ოცნებას” რუსეთის ეშინია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“ოცნებამ"უარს ვიზიტზე შეერთებული შტატებში მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ განსახილველად განმარტებაც მოაყოლა, რომ დათქმებით ვიზიტი არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომელიც მეგობრობას უნდა ახასიათებდესო. ამერიკას ასე არ უნდა ელაპარაკო. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ როდესაც ძლიერი და მდიდარი მეგობრის დახმარება სასიცოცხლოდ გჭირდება, რაღაც უნდა დათმო. რაც შეეხება ყაზახეთის სცენარს, ამას გამოვრიცხავ, თუნდაც იმიტომ, რომ ყაზახეთი “ო-დე-კა-ბეს” წევრია და ამ ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარება ოფიციალურად მოითხოვა. ერთი რამ კი ფაქტია - 2008 წლის შემდეგ რუსეთმა ჯარები ჩააყენა თბილისიდან 40 კილომეტრში. 2008 წლამდე რუსული სამხედრო ბაზა თბილისს არ ემუქრებოდა, ახლა მოცემულობა სხვაგვარია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოცნება” ფიქრობს, ადრე თუ გვიან, ხალხი დაიღლება, პარლამენტსა და კანცელარიას მაინც ვერ აიღებენ შტურმით და სხვა რა გზა ექნებათო. ასეთი პრეცედენტები ნამდვილად არსებობს, მაგრამ არა მგონია, ახლა ეს მოხდეს. ხალხს ყელში ამოუვიდა ყველაფერი. ბევრი რამ დაგროვდა... პროცესი შეუქცევადია და აღარ გაჩერდება. თუ “ოცნება” გონს არ მოეგება, კარგს ვერაფერს მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან ცუდი გამოცდილება, გახლეჩილობის, რომელიც 1992 წლიდან გაჩნდა და დღემდე ვერ მოვიშორეთ, ისევ არის სამოქალაქო ომის გამოძახილი. ჯერ იყვნენ ზვიადისტები და ანტიზვიადისტები, მერე მიშისტები და ანტიმიშისტები, ახლა “ნაცები” და “ქოცები”. ეს ორი დაპირისპირებული ბანაკი ერთმანეთს მოსისხლე მტრებად განიხილავს, რაც ქვეყნისთვის ტრაგედიაა”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “გამოსავალი ხომ არ იქნებოდა ამ პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევა?” - პასუხობს:

“ოცნებამ” კანონი რომ გაიწვიოს, გაჩერდება პროტესტი? არ ვიცი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორია - როგორც წესი, ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, მათი პასიურობა მმართველი პარტიისთვის ყოველთვის დიდი შეღავათი იყო. ახლა, ალბათ, მივლენ ეს ახალგაზრდები არჩევნებზე, მაგრამ ვის უნდა მისცენ ხმა? მესამე ძალა უნდა გამოჩნდეს. “ნაციონალების” მიღმა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს. იმედია, 2024 წლის პარლამენტში სამი ოპოზიციური პარტია მაინც მოხვდება”.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება