ვიქტორ ყიფიანი - არასამთავრობო სექტორს უმანკო არსებად ნუ გამოვიყვანთ, მაგრამ გამჭვირვალობის ზრდის მიღწევა ხომ შეიძლებოდა სხვა გზით? გარკვეულ საკანონმდებლო ტექნიკაზე ფიქრი არსებულ კანონმდებლობაში

არასამთავრობო სექტორს უმანკო არსებად ნუ გამოვიყვანთ, მაგრამ გამჭვირვალობის ზრდის მიღწევა ხომ შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვა გზით? გარკვეულ საკანონმდებლო ტექნიკაზე ფიქრი არსებულ კანონმდებლობაში, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ელოდება, მსგავსი სტიგმის შემცველი ახალი კანონპროექტის დაინიცირება საფრთხის შემცველია.

„გაცხადებული მიზანი არის გამჭვირვალობის ზრდა. დაე, ჩემმა ნათქვამმა გამოიწვიოს კრიტიკა არასამთავრობოებისა და ოპოზიციის მხრიდან, დიახ, ქართული არასამთავრობო სექტორი დღეს ამ მხრივ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. მე მაქვს განცდა, რომ ქართულ არასამთავრობო სექტორში, ყველას რა თქმა უნდა არ მოვიაზრებ, იმატა პოლიტიკურმა მიკერძოებამ, ანგარიშგებამ, ალბათ, არის აფილირების ხარისხი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან. გარკვეულმა ჯგუფმა აზრის უტყუარობაზე ერთგვარი მონოპოლია გამოაცხადა. მინდა, რომ ჩემი გადმოსახედიდან ობიექტურობა დავიცვა. რა თქმა უნდა, ჩვენთან პრობლემა ყველგან არის. ეს საზოგადოების ყველა ფენას ეხება. როდესაც ქვეყანას სტკივა პოლიტიკური კულტურის კუთხით, სამოქალაქო ცნობიერების კუთხით, შეუძლებელია ჩვენ სადღაც კუნძული აღმოვაჩინოთ, სადაც საკითხები იდეალურ ვითარებაში და კონდიციაშია. არასამთავრობო სექტორს ასეთად ნუ გამოვიყვანთ, უმანკო არსებად, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ხომ შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვა გზით? თუნდაც გამჭვირვალობის ტესტის გაზრდა, გარკვეულ საკანონმდებლო ტექნიკაზე ფიქრი არსებულ კანონმდებლობაში. ასეთ პერიოდში, ასეთ კონტექსტში, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომელშიაც ქვეყანა იმყოფება, წლის ბოლოს ველოდებით მოლაპარაკებათა გახსნის ან არ გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას, შემოიღო ცალკე კანონმდებლობის სახით ასეთი სტიგმისა და უარყოფითი რეპუტაციული კონოტაციის მქონდე კანონპროექტი, საფრთხილო თემაა. ჩვენ რომ ვიყოთ განვითარებული დემოკრატია, განვითარებული ინსტიტუციური წყობით, იქაც კი ასეთი კანონმდებლობის მუშაობა საფრთხილო თემაა, მით უმეტეს ჩვენთან. როდესაც შეიძლება ხელისუფალმა ასეთი იარაღი ხელში დაიჭირო, რა თქმა უნდა, იბადება კითხვა მისი ბოროტად გამოყენების შემთხვევაზე. ის შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული სრულიად არამიზნობრივად, და გარკვეულ ცდომილებას ჰქონდეს ადგილი მიდგომაში, კვალიფიკაციაში ან შეფასებაში. რა არის ის დამცავი ზღუდეები, რომელიც ამ არასწორი მოქმედების მსხვერპლს დაიცავს? გამართული ინსტიტუტები, გამართული მართლმსაჯულება? ჩვენ ხომ არც ერთის პირობებში ვართ და არც მეორე“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს