ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტარების მომზადებულ რეზოლუციაში ყველა ის მესიჯბოქსია გადმოტანილი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - რეზოლუცია შედგენილია პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებით!

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ რეზოლუციაში ყველა ის მესიჯბოქსია გადმოტანილი, რომელიც კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ გააჩნია - რეზოლუცია შედგენილია პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებით! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ “ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში არ არის არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ არის საქართველოში მისაღები კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანს ემსახურება, საფრთხე და მიუღებელი“.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი აჩვენებს, რომ მის ავტორებს უფრო პოლიტიკური მისწრაფებები გააჩნიათ, ვიდრე რეალური ხედვა და ანალიზი, თუ რა კანონს იღებს საქართველო.

“ეს ყველაფერი რეზოლუციის დასაწყისშივე ჩანს - მასში შეტანილია სათაური, რაც კანონპროექტში არ წერია. მაინც ახსენებენ სიტყვას “აგენტი“, რათა ამ მხრივ ვითარება დაძაბონ და პროცესი არასწორი შეფასების მიმართულებით წაიყვანონ. რეზოლუციის პროექტში ვერ წავიკითხავთ, თუ რატომ არის არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა მიუღებელი და დამანგრეველი დემოკრატიისა და არასამთავრობო სექტორისთვის - რატომ არის ეს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო?

რეზოლუციაში პოლიტიკურად ბევრი მავნე განცხადებაა - მაგალითად ის, რომ კანონი რუსეთის შთაგონებით არის დაწერილი, რაც არის დაუსაბუთებელი. ასევე უაპელაციოდ, სახელმწიფოსთან ერთად მოხსენიებულია აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო. ეს ხაზს უსვამს რეზოლუციის პროექტის შემდგენელთა პოლიტიკურ დონეს და იმის ვერ გაგებას, რა არის საქართველოს ინტერესები. როცა აფხაზეთს სხვა სახელმწიფოების რიგში აყენებენ. მათი წარმოდგენა არაღიარების პოლიტიკაზე ძალიან ზედაპირულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული.

კერძოდ, “საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის 5 სხვადასხვა პარტიიდან.

რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 ნაბიჯიდან ორს არღვევს, კერძოდ კი 1-ელ ნაბიჯს (რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს) და მე-9 ნაბიჯს (რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს).

აღინიშნება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების. ასევე აღინიშნება, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ საფუძველზე გადაწყვიტა, რომ თბილისი ამ ნაბიჯებს გადადგამდა.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი წინა რეზოლუციებში იმ მოწოდებებით გამოდიოდა, რომ საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ოლიგარქიული ინტერესების გამანადგურებელი როლი შემცირებულიყო, რომლებიც მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში გამოიხატებოდა, კერძოდ კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებასაც ევროპარლამენტი ითხოვდა.

რეზოლუციის პროექტის ტექსტის თანახმად, “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა გაეხსნას, სანამ აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს