რომან გოცირიძე - კონფერენცია, რომელსაც კობახიძე უნგრეთში ესწრება, არის, თუ შეიძლება ასე ითქვას - „ქაჯი პოლიტიკოსების“ შეკრება, მასში არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს

ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას - „ქაჯი პოლიტიკოსების“ შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს უნგრეთში.

რომან გოცირიძის შეფასებით, ეს არის ულტრამემარჯვენეების კონფერენცია, სადაც არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი და არცერთი ქვეყნის მეთაური თუ მაღალი თანამდებობის პირი არ მონაწილეობს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს სცემს პატივს.

“ვიცით სად იმყოფება ირაკლი კობახიძე, შარშან ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ეს არის ულტრამემარჯვენეების კონფერენცია, სადაც არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ მონაწილეობს და არცერთი ქვეყნის მეთაური თუ მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს სცემს პატივს. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას - “ქაჯი პოლიტიკოსების” შეკრება, თუმცა მანდ ორი ქვეყნის წარმომადგენლის გარდა არცერთი იმყოფება.

ორბანმა კობახიძეს დიდი პოლიტიკური მოჭადრაკე უწოდა, დაავიწყდა, რომ მან შარშანდელ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილსაც უთხრა, რომ მაგრად თამაშობს ნარდსო - კარგი მონარდეაო. ის თუ ნარდის დიდოსტატი იყო, ეს თურმე ჭადრაკში ყოფილა სპორტის ოსტატი.

ეს, ფაქტობრივად, გაგრძელებაა “ქართული ოცნების” პუტინისტური ხაზისა, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი ვერ მიიღებს, მაგრამ მანიპულაციისთვის იყენებენ წინასაარჩევნოდ ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით. ის, რომ თურმე გარყვნილი ევროპა ებრძვის მართლმადიდებლობას, ქართულ იდენტობას და ა.შ ეს არის პირდაპირ ანტიდასავლური კურსის გაგრძელება შენიღბული ფორმით. ხოლო ღია ფორმით ის არის, რაც კეთდება აქ - საქართველოში და ის ინიციატივები, რასაც ახლა პარლამენტში ვხედავთ. პირველ რიგში, ამ აგენტების შესახებ “რუსული კანონის” სახით. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს შუა საუკუნეებისკენ”, - აღნიშნა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობს.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას”

“მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს