მიხეილ ხიდურელი - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას - ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში

ეს არის ახალი თავი სააგენტოს და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას, - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტო ბანკებთან პარტნიორობით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მრავალმილიარდიანი პორტფელი არსებობს, სადაც წარმატებით დაფინანსდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

„თუმცა, ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში აუცილებელია, შესაბამისად, მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ახალი პოლიტიკით, დავამუშავეთ და უკვე ჩავუშვით ახალი პროგრამა - ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების მიმართულებით.

პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ ბიზნესს, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიამ გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, რამდენად დაეხმარება ეს მას განვითარებაში. სააგენტოს კონკრეტული მექანიზმებით: 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებით და განთავსების საკომისიოს ანაზღაურებით, გვექნება გრანტები, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, ბროკერებთან თანამშრომლობით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას.

დაინტერესება და მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია. პროგრამა არის ყველასთვის და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - ჩვენ მხოლოდ ფინანსურად არ დავეხმარებით მათ, ტექნიკური დახმარების თვალსაზრისითაც დავუჭერთ მხარს, რომ მზად იყვნენ ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად. პროგრამის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც სხვა ბევრ პროგრამაში, ჩვენი პარტნიორია USAID“, - განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეს პირველი პროგრამაა, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტო კიდევ რამდენიმე მექანიზმის ამოქმედებას აპირებს.

„წელს ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ე.წ. ექვითი ფონდი, სადაც სააგენტო ლიმიტირებულ პარტნიორად იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან ერთად, საშუალებას მივცემთ კომპანიებს გამოიყენონ ფონდის დახმარების მექანიზმი“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა.

„აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს