ლევან ანთაძე - მტერს ვერ ვაღიარებთ მოყვარედ, მოყვარეს ვერ ვაღიარებთ მტრად -  მტერი არის ერთი ქვეყანა და მისი მეთაური პუტინი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და არა ევროკავშირი

მტერს ვერ ვაღიარებთ მოყვარედ, მოყვარეს ვერ ვაღიარებთ მტრად. ჩვენი მტერი არის ერთი ქვეყანა და მისი მეთაური პუტინი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და არა ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებულია ქართული კულტურა, ტრადიცია და რელიგია, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.

ლევან ანთაძის განცხადებით, ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ სწორად ხედავენ სად არის საქართველოს მომავალი.

„ჩემთვის ბათუმი არის ყველაზე ევროპული ქალაქი. ჩვენ არ გვაქვს საზღვარი ევროპასთან, ზღვა გვაერთიანებს ჩვენ ევროპასთან და დიდი ბოდიში ბატონ ბიძინას, მაგრამ ვერ შეგვაცვლევინებ აზრს. მტერს ვერ ვაღიარებთ მოყვარედ, მოყვარეს ვერ ვაღიარებთ მტრად. ჩვენი მტერი არის ერთი ქვეყანა და მისი მეთაური პუტინი, რომელსაც 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის აქვს ოკუპირებული, რომელიც უკრაინაში ხოცავს ბავშვებს. ის არის ჩვენი მტერი და არა ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებულია ქართული კულტურა, ქართული ტრადიცია, ქართული რელიგია. ყველაფერი დგას ევროპულზე. ქართული ეს არის ევროპული და ამ ქალაქიდან მინდა ვუთხრა მას, რომ შენი მოკავშირე ვერ იქნება ვიღაც სპეცრაზმელი, რადგან ბევრი მინახავს ასეთი კუნთმაგარი ადამიანები, რომლებიც შემდეგ პროკურატურაში საჩივრებს წერდნენ თავის უფროსებზე. თუ მას რამე უნდა ამ ქვეყნიდან, იმ ახალგაზრდებს უნდა დაელაპარაკოს, რომლებიც რუსთაველზე დგანან, რადგან ისინი სწორად ხედავენ სად არის საქართველოს მომავალი და რა არის საქართველოს მომავალი და მე მიხარია, რომ იქ ბევრ ბათუმელს ვხედავ, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან.

ბევრ საჯარო სამსახურში მიმუშავია და ბევრი ჩემი მეგობარია იქ. ამ ქალაქში თუ რამე გაკეთდა არის მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის დამსახურება, მაგრამ მათი დამსახურებაც არის. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ამ მშენებლობაში, რომელსაც ბათუმში ვხედავთ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, მეგობრებო თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, არჩევანი უნდა გააკეთოთ სწორად, სწორ გზაზე უნდა დადგეთ, იქაც რომ ჩახვიდეთ 29 აპრილს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომხრეები ვერ გახდებიან ბიძინა ივანიშვილის, რადგან შრომა აქვთ გაწეული ამ ქალაქისთვის, შრომა აქვთ გაწეული ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვართ. თელავის საკრებულოს წევრი, რომელიც გამოვიდა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ჩემი კოლეგები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბევრ მათგანს აქვს ნაბრძოლი მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარ, ისინი კი „ქართულ ოცნებაში“, რა თქმა უნდა, მათაც მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. ვერავინ ვერ წავა ისტორიის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. იმ ახალგაზრდებს ვერავინ ვერ ჩაუკეტავს გზას და ეს პირველ რიგში ივანიშვილმა უნდა იცოდეს და ხალთან მარიონეტების მეშვეობით არ უნდა საუბრობდეს“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს